კონწლიაშვილების ოჯახი მუხიანში, კონტეინერში ცხოვრობს. ოჯახის უფროსი მძიმე მდგომარეობაშია, ტუბერკულიოზით არის დაავადებული. დედა არსად მუშაობს. ყავთ ორი ბავშვი გოგო და ბიჭი.
ვინ გამოიყვანს „ჩიხიდან“ კონწლიაშვილების ვაგონს?
ლალი პაპასკირი – ჟურნალი გზა
მუხიანში, წმინდა ეკატერინეს სახელობის აგურით ნაშენი ეკლესიის წინ, კოხტაეზოებიან სახლებს შორის, პატარა აღმართს ავუყევი და საცხოვრებელ სახლად გადაკეთებულ ვაგონ-კონტეინერს მივადექი. იქ ჟურნალისტის დანახვა არ უკვირთ, რადგან კონწლიაშვილების ოჯახის გაჭირვებაზე არაერთი ტელე და საგაზეთო სიუჟეტი გაკეთებულა, მაგრამ მდგომარეობა უცვლელია. ისევ ნათხოვარ კონტეინერში ცხოვრობენო, – მითხრა მოხუცმა ქალმა და გამაფრთხილა, – გზაზე წყლიანი თოვლია, შვილო, ფეხი არ მოგიცურდესო…
საცხოვრებლად გადაკეთებული ვაგონის წინ დაბმულმა ძაღლმა გაავებულმა დამიყეფა. პატრონს „სახლისთვის“ პატარა კიბე მიუდგამს. საკვამურიდან ბოლი ამოდის და ამით თუ მიხვდება კაცი, რომ იქ ვინმე ცხოვრობს. კარი გაიღო და სიბნელიდან გამხდარი ქალი გამოვიდა. ძაღლს გაუბრაზდა და „სახლში“ შემიპატიჟა..
კონტეინერი ორ „ოთახად“ არის გადაკეთებული. ვიწრო ოთახს 2 პატარა ფანჯარა აქვს. „ეს ჩვენი „მისაღებია“, – მითხრა დიასახლისმა, ოთახში შეშის ღუმელი, დივანი, პატარა მაგიდა და კარადა დგას. – ამ პატარა კონტეინერში ოთხი სული ვხოვრობთ და რაც ყველაზე ცუდია, ამ პირობებში მძიმე ავადმყოფი მეუღლე მყავს“, – მიყვება 39 წლის მაია კონწლიაშვილი, რომელიც გაუსაძლის პირობებში ოჯახთან ერთად, უკვე წლებია ცხოვრობს.
კონწლიაშვილების გაჭირვების შესახებ ფონდისგან – „დააპურე თუნდაც ერთი ბავშვი“ შევიტყვეთ. ერთ დღესაც, ფონდის წევრები შევიკრიბეთ და წინასწარ შედგენილი სიით ბაზარში წავედით, სიცოცხლისათვის აუცილებელი პროდუქტები ვიყიდეთ და მუხიანის გზას დავადექით.
მაია კონწლიაშვილი
- გლდანის მეხუთე მიკრორაიონში ვცხოვრობდით. ჩემს მეუღლეს გამზრდელი დედა ანუ დედინაცვალი ჰყავდა, რომელმაც შვილივით გამზარდა. შემდეგ იმ ქალბატონს დისშვილები შეუჩნდნენ და მან სახლიდან გამოგვყარა. მაშინ ორივე შვილი პატარები გვყავდა. ბინა კანონით მას ეკუთვნოდა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, იქაურობა დავტოვეთ. როცა მოსამართლეს ვკითხე, – სად წავიდე ამ პატარებით-მეთქი, – მინდორი დიდია და სადაც გინდა, იქ წადიო. ცოტა ხნით დედაჩემთან წავედით, მაგრამ მათაც გაუჭირდათ, ბინა გაყიდეს და საცხოვრებლად ქირით გადავიდნენ. ცოტა ხნით, აქვე, კორპუსში ვიქირავეთ ბინა. მერე მეუღლე ავად გახდა, ტუბერკულოზი დაუდგინეს და თუ რამე გაგვაჩნდა, წამლებში დავხარჯეთ. ერთი სიტყვით, ღია ცის ქვეშ დავრჩით, მაგრამ რას ვიზამდი? მერე ერთმა სვანმა ბიჭმა ეს კონტეინერი გვათხოვა, რამდენ ხანსაც გინდა, იყავითო. ღია ცის ქვეშ დარჩენას მაინც აქ შემოსვლა სჯობდა და ჩვენც შემოვიხიზნეთ. რასაც ხედავთ, ყველაფერი ნაჩუქარია. მადლობა ღმერთს, კარგ უბანში მოვხვდით. მეზობლები ცდილობენ, როგორც შეუძლიათ, ხელი მოგვიმართონ. როცა ვინმე რემონტს აკეთებს, კარს, ფანჯრებსა და უამრავ წვრილმანს ჩვენთან ეზიდებიან. ზოგს ვიყენებთ, ზოგსაც შეშად ვუკეთებთ. ბავშვების საწოლიც მეზობლებმა გვაჩუქეს.
- - შვილები რამდენი წლის არიან?
- გოგო 17 წლისაა, ბიჭი – 16-ის. რადგან საშინელ სივიწროვეში ვართ – ერთი საძინებელი გვაქვს.. ბიჭი ძიუდოზე დადის. დარბაზში ვარჯიშობს (დისახლისი წამოდგა და „საძინებელში“ შემიყვანა. კედელზე რამდენიმე დიპლომი და მედალი ეკიდა), თქვენი სტუმრობის შესახებ რომ გაიგო, სახლიდან დროზე ადრე წავიდა, – მერიდებაო. იცით, რამდენ გამოცემაში დაიწერა ჩემზე?.. მართალი გითხრათ, იმის იმედიც დავკარგე, რომ ოდესმე რამე უკეთესობისკენ შეიცვლება. მე და ჩემს მეუღლეს ეს ერთი ოთახი გვაქვს. როცა ჩემი ქმარი ცუდად არის, სკამზე ჩამომჯდარი ღამეს ვუთევ, რადგან ერთი დივნის მეტი არაფერი გვაბადია. ყველანაირ სამუშაოზე თანახმა ვარ, მაგრამ მეურლეს მარტო ვერ დავტოვებ. დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
- მისი მკურნალობისთვის საჭირო ხარჯები გაქვთ?
- მეუღლეს II ჯგუფის ინვალიდობის პენსია აქვს – 80 ლარი და სოციალურ დახმარებას 102 ლარს ვიღებთ. სულ ეს არის ჩვენი შემოსავალი. თვეში ერთხელ ფონდ „დააპურე თუნდაც ერთი ბავშვის“ წევრები მოდიან და მთელი თვის სამყოფი პროდუქტი (ლობიო, მაკარონი, ზეთი, კარაქი, შაქარი) მოაქვთ.. მათი დახმარება რომ არა, აქამდე შიმშილით დავიხოცებოდით. პირველად რომ მოვიდნენ და მითხრეს, თქვენს დასახმარებლად მოვედითო, გაოცებისაგან კინაღამ ენა ჩამივარდა, – სრულიად უცხო ადამიანები რატომ გვეხმარებიან მეთქი?! აღარც კი მახსოვს. რამდენჯერ მივმართე მერიას დახმარებისთვის, – თუ მიწის ამ მონაკვეთის შემოკავების უფლებას მოგცემდნენ, როგორღაც პატარა სახლს ავაშენებდით. იმ ბიჭს ბევრჯერ დასჭირდა კონტეინერი, მაგრამ ქუჩაში გადითო, ვეღარ გვითხრა.. პასუხი დღემდე არ მომსვლია. ჩვენი რაიონის გამგებელი შეშით გვეხმარება და ამის პრობლემა მაინც არ გვაქვს. ხედავთ ალბათ, კონტეინერი რკინისაა და ყინვა რომ იყო, შიგნითაც ისეთი ტემპერატურა იყო, როგორიც გარეთ.
- აქ გაჩერება ალბათ ზაფხულშიც ძნელია..
- ზაფხულის დადგომა აღარ მინდა. ისე ხურდება ამის ჭერი და კედლები, შიგნით დარჩენა არ შეიძლება. ჰაერი არ არის. მეუღლე ისედაც ვერ სუნთქავს და სიცხეში მისი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმდება. ჩვენს თავს აღარც დავეძებ, მეშინია ბავშვებიც არ დამიავადნენ. ამას წინათ გვითხრეს, „შვეიცარიული პროექტი“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გაჭირვებული ოჯახებისთვის მერია საცხოვრებლებს აშენებსო. სიტუაციის შესასწავლად, სპეციალური კომისია მოვიდა, მაგრამ რომ გაიგეს ავადმყოფი მეუღლე მყავდა, არ შეიძლებაო და არ ჩაგვსვეს პროექტში. აბა, ჯანმრთელ კაცს ვაგონში რა უნდა?
- გამგეობაში რა გითხრეს, მიწის შესყიდვის უფლებას ვერ მოგცემთო?
- გამგეობიდან მერიაში გადაგვამისამართეს. იქ მითხრეს, იქნებ „პრეზიდენტის ჩუქება“ გაგიკეთონო. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში ყოფილა. არაერთხელ მივწერე ვერა ქობალიასაც, მაგრამ პასუხი დღემდე არ მომსვლია.. ფონდ „იავნანასაც“ ვთხოვე დახმარება, მაგრამ მითხრეს, მხოლოდ მრავალშვიალიანებს ვეხმარებითო. სოფელში მიანც რომ მქონდეს სადმე წასასვლელი, სიამოვნებით წავიდოდი. აქ ყოფნას სოფელი არ სჯობია? ჩემი მეუღლე სუფთა ჰაერს მაინც ისუნთქებდა. მადლობა უფალს, ბავშვები ჯამრთელები არიან და მიწის დამუშავებაში მომეხმარებოდნენ, ბოსტანი გვექნებოდა..
- მაია, ამჟამად როგორია თქვენი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- ფილტვების ობსტრუქციული ქრონიკული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს ანუ ფილტვების მხოლოდ 20% სუნთქავს. ახლაც გაურთულდა და საავადმყოფოში წევს. ანთებითი პროცესი იყო დაწყებული. ასეთ დროს ყველაზე მეტად ჟანგბადის ბალონი ესაჭიროება, რომელსაც დაზღვევა არ აფინანსებს და სამყოფ თანხას როგორღაც ვაკოწიწებთ.. მისი ავადმყოფობის პირველ ხანებში, მეშინოდა, ფილტვების დაავადება ჩვენც არ გადაგვედოს-მეთქი, მაგრამ მადლობა ღმერთს გადავრჩით.
- მეუღლეს ალბათ განსაკუთრებული კვება სჭირდება?
- არა, ყველაფერს ჭამს, სად გვაქვს მაგისთვის სადილების ცალკე მზადების საშუალება. წამობრძანდით, ჩემს სამზარეულოს გაჩვენებთ..
დიასახლისს გარეთ გავყავარ. პატარა ოთახად გადაკეთებულ ფარდულში შევდივართ, რომელსაც სახურავი ალაგ-ალაგ გადამძვრალი აქვს. მორყეულ მაგიდაზე ჭურჭელი აწყვია. იქვე ჭურჭლის კარადა დგას. როგორც ვხვდები, საჭმელს შუაცეცხლზე აკეთებენ.. – კარი არ იკეტება, მაგრამ რა საჭიროა, აქ ვინ რაზე უნდა შემოვიდეს?! უკვე ისე შევეჩვიე ასეთ ცხოვრებას, ყველანაირი ემოცია გამიქრაო, – ამბობს დიასახლისი. ოთახში ვბრუნდებით, სადაც ისევე ცივა, როგორც გარეთ..
- არ ვიცი, რა ჰქვია ჩვენს არსებობას. ნახევრად ველურებივით ვცხოვრობთ.. მეუღლეს იმაზე მეტს, რა სამედიცინო დახმარებაც საავადმყოფოში უტარდება, ჩვენს სახლში ვერაფერს გავუკეთებთ. ერთადერთი ჟანგბადს ვერ მოვაკლებ. მის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებს.. ბავშვები უკვე წლებია, ახალ ტანსაცმელზე, წიგნებსა და ზოგადად, ადამიანურ ცხოვრებაზე აღარ ოცნებობენ. მთავარია, ჩვენი ჭერი გვქონდეს, მერე როგორღაც მივხედავთ თავს..
P.S. ფონდი „დააპურე თუნდაც ერთი ბავშვი“ მათ (და კიდევ რამდენიმე ასეთ გაჭირვებულ ოჯახს) საკვები პროდუქტებითა და ელემენტარული ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებით ეხმარება.. ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ის მცირედი, ფონდის წევრთა მიერ ყოველთვიურად ჩარიცხული თუნდაც 10 ლარი კონწლიაშვილების ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


