უამრავი ოჯახი არსებობს საქართველოში, სადაც ბავშვები შიმშილობენ. არის ოჯახები, რომლებსაც არსებული სოციალური დახმარებები არ ყოფნით, და არიან ისეთებიც, რომლებსაც, რიგი მიზეზების გამო, საერთოდ არა აქვთ ასეთი დახმარება. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მრავალშვილიან ოჯახებში. პირადად ვინახულეთ რამოდენიმე ოჯახი (სადაც უკვე მივიტანეთ დახმარება) და ყველანი დათრგუნულები ვიყავით ნანახით. ვიცოდით, რომ სახარბიელო სურათი არ დაგვხვდებოდა მაგრამ, ნანახმა გადააჭარბა ყველაფერს, რაც მათზე წაგვეკითხა, მოგვესმინა, თუ ტელევიზორში გვენახა. ავარიული ფიცრული სახლები, ანტისანიტარია და საკვები, რომელიც არ გვეჯერა რომ ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. არანაირი პირობა ბავშვების ნორმალურად განვითარებისთვის. ის ბავშვები, თვითონ არაფერს არ გვთხოვენ, არც სათამაშოებს, არც ფერად წიგნებს, არც მულტფილმებს, არც ფანქრებს და რვეულებს, არც სითბოს და არც საჭმელს. მათ ასეთი სამყაროს არსებობა იციან მხოლოდ, ეს ჩვეულებრივი რეალობა ჰგონიათ.
ჩვენი ფონდი ასეთი ბავშვების დასახმარებლად დაარსდა.
შეიკრიბა რამოდენიმე ადამიანი და თბილისის ფორუმზე მიმართულება მისცა თემას, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. ფონდში გაერთიანებული ადამიანები ყოვეთვიურად 10 ლარს ვრიცხავთ ფონდის ანგარიშზე. შემოსული თანხა რამოდენიმე ოჯახზე ნაწილდება. ჩვენი მისია იმ ბავშვების დახმარებაა, რომლებსაც ყველაზე მეტად ჭირდებათ ეს, ბავშვების რომლებიც შიმშილობენ.
ასეთ საქველმოქმედო საქმიანობაზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დახმარება ძირითადად პროდუქტების სახით გადაგვეცა ოჯახებისთვის. საკვებით უზრუნველყოფა მინიმუმია, რაც ამ ეტაპზე მათთვის შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენი ფონდი უკვე ათეულობით ადამიანს აერთიანებს. ზრდასთან ერთად დაგვემატება სხვა ოჯახებიც.
რამოდენიმე ოჯახს უკვე რეგულარულად ვეხმარებით.
ამ ეტაპზე ფონდის შესაძლებლობების ფარგლებში მხოლოდ მათი საკვებით მომარაგებას ვწვდებით. თუმცა ამის გარდა ბევრის გაკეთება შეიძლება: მედიკამენტები, ტანსაცმელი, სათამაშოები, წიგნები, ფანქრები. ამის გარდა შესაძლებელია მათი ინფორმირება სხვადასხვა სახელწიფო დახმარების პროგრამებზე, რომლის მიღმაც გაურკვევლობის გამო არც თუ იშვიათად ხვდებიან.
იმედი გვაქვს ჩვენი საქმიანობით მცირედ წვლილს მაინც შევიტანთ მათ ცხოვრებაში.
თუ შენთვის სულერთი არ არის, რომ შენს ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ (გასული წლის გაზაფხულზე ერთი პატარა ბავშვი გარდაიცვალა ამ მიზეზით), თუ სურვილი გაქვს, რომ მათი ცხოვრების ერთი დეტალი მაინც შეცვალო, მაშინ შემოგვიერთდი, გაიღე მინიმალური, რაც შენ და შენს ოჯახს არ დააკლდება და ამით ძალიან კეთილ საქმეს გააკეთებ.
ნუ მისცემ შიმშილს ბავშვის მოკვლის უფლებას - შემოგვიერთდი, მოკალი შიმშილი !!


